
ზღაპრების მთავარი გმირები ყოველთვის პრინცები და პრინცესები არ არიან. ისეთი ზღაპრებიც არსებობს, გიჟი მეცნიერები მომავლის მანქანას რომ იგონებენ, უძლეველ მექანიკურ კაცს აგებენ ან დურგლები ხის თოჯინას სულს შთაბერავენ. ყველა ეს ისტორია შედეგად რაღაც ხელშესახებს გვაძლევს. თუმცა ზღაპარი, რომელზედაც ამ ბლოგში გვინდა, გიამბოთ, ჯადოსნური ყუთით დედამიწის გარშემო გავლებულ უხილავ ძაფებზეა, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.
ინტერნეტი ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერული მანქანების უზარმაზარი ქსელია, ტექნოლოგიის მაკავშირებელ ინსტრუმენტად გადაქცევაში კი განსაკუთრებული წვლილი World Wide Web-ის (WWW) შექმნას მიუძღვის. ამ უკანასკნელის საშუალებით ინფორმაცია მსოფლიოს გარშემო გაზიარებადი და ხელმისაწვდომი გახდა. მარტივად რომ ვთქვათ, WWW ყველა იმ ვებგვერდის კოლექციაა, რომელიც კომპიუტერულ ქსელში არსებობს, შენი კომპიუტერი კი ინტერნეტის დახმარებით ვებგვერდების ამ ერთიანობას უკავშირდება.
World Wide Web სერ ტიმ ბერნერს-ლიმ 1989 წელს გამოიგონა. თავდაპირველად ტიმი ცდილობდა, მეცნიერებს ახალი გზის მიგნებაში დახმარებოდა, რომელიც ექსპერიმენტების შედეგებისა და მონაცემების მარტივად გაზიარების საშუალებას მისცემდათ. რა მოცემულობაა ამ დროს ტექნოლოგიურ სამყაროში? ერთი მხრივ, არსებობს Hypertext, რომელიც კომპიუტერის დისფლეიზე გამოტანილ ტექსტზე დაკლიკებით სხვა ტექსტთან წვდომის საშუალებას იძლეოდა. მთავარი იყო, ეს ტექსტი hypertext-ის წვდომის ვიწრო არეალს არ გასცდენოდა. მეორე მხრივ, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო ინტერნეტი, რომელიც ცხადია, არ იყო ისე განვითარებული როგორც დღეს, თუმცა მის პოტენციალს ყველა ხედავდა. ამ ყველაფერის ფონზე კი არავის უფიქრია, ეპოვნა გზა, რომელიც ინტერნეტის გამოყენებით ერთი დოკუმენტის მეორე დოკუმენტთან დაკავშირებას შეძლებდა.
ბერნერს–ლიმ World Wide Web მაშინ შექმნა, როდესაც CERN-ში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მუშაობდა. მისმა თავდაპირველმა ხედვამ, ინფორმაცია და ექსპერიმენტის შედეგები მეცნიერთა შორის მარტივად გაზიარებადი ყოფილიყო, ნელ-ნელა სახე იცვალა. ტიმს სურდა, WWW ყოფილიყო უნივერსალური, თავისუფალი „ინფორმაციული სივრცე“, სადაც ინფორმაცია იქნებოდა ისე ხელმისაწვდომი, როგორც არასდროს. მარტივი იქნებოდა კომუნიკაცია და კოლაბორაცია სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
World Wide Web-ის შექმნაში სამი ძირითადი კომპონენტი მონაწილეობს. ესენია:
URL – იგივე Uniform Resource Locator. URL სხვა არაფერია თუ არა მისამართი, რომელიც Web-ის უნიკალურ რესურსს ენიჭება. თეორიულად, თითოეული მუშა URL სხვადასხვა ინფორმაციას მიემართება, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც HTML გვერდი, ისე CSS დოკუმენტი, ფოტო ან სხვა.
HTTP – იგივე Hypertext Transfer Protocol. HTTP კომუნიკაციების პროტოკოლია, რომელიც Web სერვერებს ინტერნეტთან ან ლოკალურ ქსელთან (intranet) აკავშირებს.
HTML – იგივე Hypertext Markup Language. HTML კოდია, რომელიც გამოიყენება Web გვერდისა და მისი კონტენტის სტრუქტურირებისათვის. მაგალითად, კონტენტი შეიძლება გადანაწილებული იყოს პარაგრაფებს შორის, გამოყოფილი იყოს ბულეთებად, ჩართული იყოს ფოტოები ან ცხრილები და ა.შ.
ბერნერს–ლიმ ასევე შექმნა მსოფლიოში პირველი ვებ ბრაუზერი და ვებ სერვერი. ზოგადად, 1990-იანი წლების განმავლობაში წარმოებული ვებ ბრაუზერების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და არც ის იყო გასაკვირი, რომ დროსთან ერთად იმატა ისეთი ტექნოლოგიების რიცხვმაც, რომელთა ძირითადი ნაწილი Web-ის არსებობაზე იყო დამყარებული. დღევანდელ სიტუაციასაც რომ დავაკვირდეთ, ნებისმიერი გამარტივებული ტექნოლოგიის შემუშავებას მოჰყვება ამ მიგნებით ყოველდღიური სერვისების ჩანაცვლება.
World Wide Web-მა ინტერნეტის შესაძლებლობების კარი გახსნა არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის მსოფლიოს გარშემო. ამ აღმოჩენამ უდიდესი როლი ითამაშა სამყაროს ამა თუ იმ წერტილში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიერ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაცვლაში. მაშინ, როდესაც მსოფლიო ასეთი პოლარიზებული იყო, ხელი შეუწყო ერთმანეთში კულტურული თავისებურებების გავრცელებას და გლობალიზაციის ხელშემწყობ უმთავრეს ფაქტორად ჩამოყალიბდა. საზღვრები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში არსებობდა, Web-ის შექმნასთან ერთად ნელ-ნელა გაუფერულდა და დღესაც ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ კიდევ უფრო მკრთალ შეფერილობას იღებს.