
მინდა გაგიზიაროთ ჩემი განვლილი გზა პირველ სამსახურამდე.
IT მიმართულებით სწავლა დავიწყე ნულიდან ერთ-ერთ აკადემიაში, სადაც ავითვისე HTML, CSS, Javascript, Angular. ამის შემდეგ დამოუკიდებლად ვცდილობდი განვითარებას. უამრავი გასაუბრება გავიარე, თუმცა ჩემი ცოდნა ვერ აკმაყოფილებდა ვაკანსიის მოთხოვნებს, ამიტომ სწავლის გაგრძელება ოლ აკადემიაში გადავწყვიტე, სადაც გავიარე რეაქტის კურსი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რეაქტის გარდა საკმაოდ ბევრი რამე მასწავლეს ჯავასკრიპტშიც.
კურსის განმავლობაში უამრავი საინტერესო დავალების შესრულება მიწევდა. შრომატევადი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და შედეგიანი დავალებები იყო. რაც შეეხება ფინალურ პროექტს, მის შესასრულებლად საჭირო იყო ყველა იმ ცოდნის გამოყენება, რაც მთლიანი კურსის განმავლობაში მივიღეთ. მაქსიმალურად ვაქტიურობდი ლექციებზე, ვცდილობდი დავალებები დროულად ჩამებარებინა და ბევრი რამ მესწავლა ლექტორისგან, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა ჩვენი განვითარებისთვის.
კურსის დასრულებიდან 2 კვირის თავზე დამიკავშირდნენ ოლ აკადემიიდან და მითხრეს, რომ CodeVice იყო დაინტერესებული ჩემი კანდიდატურით. იმ მომენტში ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
დღეს CodeVice-ის სტაჟიორი ვარ. პარალელურად აქვე ვიღრმავებ ცოდნას ანგულარში და ახლა მთელი ყურადღება იმისკენაა მიმართული, რომ მათ პროექტებს ფეხი ავუწყო. მაქვს წვდომა მათ ერთ-ერთ ძველ პროექტზე და დაკავებული ვარ ამ პროექტის კოდის გარჩევით. ასევე, ჩემი სურვილით, გავაკეთე მცირე ზომის პროექტი და ველოდები შეფასებას კურატორისგან.
ყველას, ვინც ახლა იკიდებთ ფეხს ამ სფეროში, მინდა გირჩიოთ, არ შეწყვიტოთ განვითარება, არასდროს დანებდეთ და ახალ გამოწვევებს სიხარულით მიეგებოთ.