
ინფორმაციული ტექნოლოგიები აგრძელებენ ჩვენი ყოველდღიური ქცევების შეცვლას. თითოეული ჩვენგანი მუშაობს, თამაშობს, კომუნიკაციას ამყარებს სხვებთან გზით, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე ვერც კი წარმოგვედგინა.
ბაზარზე IT სამსახურების დომინანტობა არაერთი ფაქტორით აიხსნება, მათ შორის ინტერნეტისა და e-commerce ბიზნესების რაოდენობის ზრდითა და, შესაბამისად, ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნის მატებით.
მიუხედავად ამ მზარდი ინდუსტრიისა, კარიერა IT-ში ლანგრით მორთმეული უზრუნველი ცხოვრება ნამდვილად არაა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად სფერო კონკურენტული ხდება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, წინასწარ განსაზღვრო შენი შემდგომი ნაბიჯები, მოლოდინები და პოტენციალი, რათა გეგმას მეტ-ნაკლებად მშვიდად და გააზრებულად მიყვე. უმჯობესია, სამომავლო პერსპექტივაში ხედავდე ისეთ, ერთი შეხედვით, მცირე დეტალებსაც კი, როგორებიცაა ტრეინინგები, სასერტიფიკაციო გამოცდები და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეხმარება კონკურენტებზე წინ მალე და უფრო ეფექტურად წახვიდე.
მარტივი და სწრაფი დასაქმება
ტექ კომპანიები მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად ეძებენ IT პროფესიონალებს, საქმის მცოდნე კადრი კი ძალიან ცოტაა. ინდუსტრიაში არსებული ეს სიცარიელე, დიდი ალბათობით, კიდევ დიდ ხანს იქნება, რადგან მიუხედავად IT-ით დაინტერესებული მეტი ადამიანისა, თვითონ სფეროც ძალიან სწრაფად იზრდება (2020 წელს IT ინდუსტრიას ზრდის ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა).
ზემოთ აღწერილი სიტუაცია სერტიფიცირებულ პროფესიონალებს კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის ხარისხის გარეშეც საშუალებას აძლევს, სამსახური მარტივად იპოვონ. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ IT სპეციალისტებისთვის არც სწავლის პარალელურად მუშაობაა შეუძლებელი და ბევრი მათგანი სწორედ ამ მიზეზის გამო დამატებითი შემოსავლის წყაროდ ფრილანსერობას აქცევენ.
კარიერული პერსპექტივების მრავალფეროვნება
ინფორმაციული ტექნოლოგიები სულაც არაა იზოლირებული ინდუსტრია, პირიქით, ის ფარავს თითქმის ყველა დარგს. მით უმეტეს დღეს, როცა სამედიცინო თუ გართობის სფერო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწორედ კომპიუტერულ მეცნიერებებზე. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე აგრიკულტურასთან გვაქვს თუ რამე სხვასთან, ციფრულმა ტრანსფორმაციამ ცვლილება ბიზნესის ყველა მიმართულებაში შეიტანა. შესაბამისად, IT სპეციალისტს შეუძლია არა მარტო თავისი ცოდნის საჭიროებაზე იდარდოს, არამედ პირად ინტერესებზეც.
დაგვეთანხმები, რომ მუშაობა გაცილებით კომფორტული იქნებოდა ისეთ კომპანიასა თუ პროექტზე, რომელიც შენთვის საყვარელ ან საინტერესო საქმეს აკეთებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება კი, როგორც უკვე გითხარით, კიდევ იზრდება, ახალ სფეროებს მოიცავს, დღითიდღე უფრო და უფრო მეტ ფიზიკურ პროცესს ანაცვლებს და შენი ინტერესის მეტი სფერო შეიძლება გადაფაროს.
პროფესიული ზრდა
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება IT სპეციალისტების სამუშაო არეალიც. ყოველდღიურად პროფესიონალები ახალ-ახალ გამოწვევებს ეჭიდებიან. ეს განვითარება კი, თითქოს, სამუშაო მოთხოვნის ნაწილია. მეორე მხრივ, ცოდნისკენ სწრაფვისა და მუდმივი განვითარების ასეთი უნარი აუცილებლად დაგეხმარება, გადახვიდე უფრო მაღალ პოზიციებზე, გაიზარდო კარიერულად ან მოედო სხვა ინდუსტრიებს.
ტექ პროფესიონალებისთვის უჩვეულო ამბავი სულაც არაა, რომ ყველაზე დაბალი საფეხურიდან საშუალო დონის მენეჯერამდე რამდენიმე წელში მივიდეს. არც ისაა იშვიათი, როცა კომპანიები სპეციალურად ეძებენ სტუდენტებსა და დამწყებებს, რადგან იციან, ისინი ძალიან მალე მიაღწევენ ცოდნის სხვა საფეხურს, მათთან თანამშრომლობა კი საწყის ეტაპზე გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მთავარია, შენ, როგორც დასაქმებულს კარგად შეგეძლოს შენი შესაძლებლობების შეფასება და სათანადო დაფასებასაც ითხოვდე.
დასაწყისი ნაკლები რესურსით
მაშინ, როცა შენს IT თავგადასავალს იწყებ, შეიძლება, გაგიხარდეს, თუ გეტყვით, რომ 4 წლიანი სტანდარტული განათლება არაა ერთადერთი რამ, რაც დამსაქმებლისთვის სასურველს გაქცევს. სასერტიფიკაციო ტრეინინგ პროგრამები უფრო სწრაფი და ნაკლებად ძვირადღირებული საშუალებაა იმისათვის, რომ შენი სპეციალობის შესაბამისი ძირეული ცოდნა და გამოცდილება მიიღო. ძირითადი ნაწილი განვითარებისა კი მთლიანად შენზეა დამოკიდებული. გვჯერა, თუ იყოჩაღებ, IT მიმართულებას ნამდვილად შეუძლია, უზრუნველი და ამავდროულად ახალ-ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრება შემოგთავაზოს. სასურველი კურსების მოძებნა კი ჩვენთან შეგიძლია.